***

 

b0ab00d0400bf18d107ca4fa09e564dd

დღეს გაიგო ამის შესახებ…
არადა გუშინ წამიკითხა სიცოცხლის სიყვარულზე.
კამიუ უყვარდა და ლექსსაც ასე დაარქვა –
„სიცოცხლის სიყვარული“.
ხანდახან გულჩათხრობილი, მოსაწყენი იყო.
გიყურებდა და თითქოს ვერ გამჩნევდა.
მის გვერდით, თითქოს, ყველაფერი ჩერდებოდა, იყინებოდა.
უფერო სხეული ქონდა.
ძვლებზე შემოკრულ ტყავზე მუდამ სიფრიფანა კაბა ქონდა ჩამოცმული.
თმას არასდროს იზრდიდა. მუდამ აპრეხილი ქონდა ბოლოები.
ხანდახან მკვდარი მეგონა,
განსაკუთრებით მაშინ, როცა შუშის თვალებს მომაპყრობდა.
თითქოს მის თვალებში ზღვა განისვენებდა,
ღრმა, საშინლად ცივი და მდუმარე ზღვა.
ხან კი ყველაზე ცოცხალი მეგონა ცოცხალთა შორის.
არაფრის ეშინოდა.
ხიდიდან თავით გადაეშვებოდა ხოლმე წყალში,
ფრთებს შლიდა და მიექანებოდა ფსკერისკენ.
ამ დროს სხეული მიშეშდებოდა და სუნთქვა მეკვროდა სანამ ამოყვინთავდა,
ის კი ისევ განაგრძობდა ცურვას, ვითომც არაფერი, ლაღად, უშიშრად.
მშიშარა ხარო, მეუბნებოდა.
ცხოვრების კი არ უნდა გეშინოდეს, უნდა გიყვარდესო.
ვერ ვიჯერებ, რომ მალე უბრალოდ დაიძინებს და
აღარასდროს გაიღვიძებს.
ნუ გეშინიაო, მეუბნება.
შემპირდა, როცა მოგინდება სიზმრებში მოვალო.
ჩემი ნახვა თუ მთელი გულით მოგინდება
ჩვენი სიმღერა გაიხსენე და მეც გამოგეცხადებიო,
ოღონდ ფრთხილად ვიზამ, ისე რომ არ შეგაშინოო.
მანამდე კი წავიდეთ, დღეს ახალგაზრდა მხატვრების გამოფენაა,
არ მინდა ძვირფასი წუთები აქ,
ამ სიკვდილის სუნით გაჟღენთილ სითეთრეში დავკარგოო.
ხოდა ასე,
დღეს გამოფენაზე მივდივართ…

მარიამ მერკვილაძე
23. 02. 2014

და ასე დასრულდი ჩემში (ჩანახატი)

Image

და ასე დასრულდი ჩემში.

ყველაფერი დაიწყო მაშინ, როცა თმაზე მწვანე თვალები დამეფინა. ყინვისგან დაბზარული ღაწვები გამითბო და გამიმრთელა. როცა ღიმილმა გამიპო ბაგეები და კოცნით ამომივსე სისხლისგან დაცლილი ტუჩები. როცა პირველად ვიგრძენი სისავსე და ამავდროულად სიცარიელე.

შემომეჭერი. ხო, სწორედ ასე, შემომეჭერი, სიცილით ჩაჩხვლეტილ ლოყებზე ჩამომიჯექი და… აი, ხომ ხედავ, როგორ მიჭირს ჩემში ნაფოტებად ქცეული ზღაპრების კვლავ შეწებება და შენთვის ჩუქება.
რა უცნაურია არა? ადამიანს ყველაზე დიდი გრძნობა ეწვევა, ივსება, ივება, ივსება და ბოლოს საკუთარ ტყავშიც ვეღარ ეტევა, ლამისაა გულთან ერთად მოსწყდეს სხეულს, აიჭრას სივრცეში და გამოტეხოს უკვდავების ყველა კარი ისე, რომ სხეულით კვლავ მიწას იყოს მიჯაჭვული მხოლოდ და მხოლოდ დაუნდობლად მოსაბეზრებელი გრავიტაციის მიზეზით. და, აი ამ დროს, მაინც დუმილი… ასეთი დიდი გრძნობისგან ლამისაა გასკდე და დუმილი… ისევ დუმილი… ჩჩ… ჩჩ.. ჩ…ჩ… აი, მატარებელმაც ჩამოიარა და გაგიყოლა არარსებულ ლაბირინთებში, გრძნობათა წყვდიადში მხოლოდ ერთი კარი რომ აქვს წარწერით „შესასვლელი“. ჩჩ…ჩჩ…ჩჩ… დუმილი… ისევ დუმილი…

ყველაფერი დასრულდა მაშინ, როცა შენივე სხეულსა და გულს უღალატე და შეგიყვარდი. ალბათ, რამდენს ფიქრობდი ამ „სისუსტეზე“, რომელსაც ადამიანები, ეს უცნაური არსებები სიყვარულს ეძახიან. მართლაც რა ერთფეროვანები არიან ისინი, ერთმანეთს მრავალჟამ გაცვეთილი სიტყვებით უხსნიან და სხეულებით აგებინებენ ასევე მრავალჟამ გაცვეთილი ხერხებით იმას, რასაც არც მეტი არც ნაკლები „სიყვარულს“ ეძახიან. ჩვენ ეს არ გვეხებოდა. ჩვენ მათნაირები არ ვიყავით, ჩვენ „ადამიანები“ არ ვიყავით და არც არასდროს გვდომებია ვყოფილიყავით. ჩვენ უფრო მეტი ვიყავით. ამიტომაც მიჭირს შენთვის ყველაფრის თქმა. ყველაფერ იმის, რაც წასვლის შემდეგ დამიტოვე.
ყველაფერი დასრულდა იქ, სადაც ჩვეულებრივ, იწყება ხოლმე ადამიანებთან და იშვიათად საუკეთესო შემთხვევაში არასდროს სრულდება.

ყველაფერი დასრულდა იქ, სადაც მე ამის თქმა შევძელი.

და შენც ასე დასრულდი ჩემში.

14.02.2014

სარკე და ფინჯანი ჩაი

                                        

–         დაშორებას იმირომ ვაპირებ, რომ არ მიყვარს.

–         რატომ?

–         როცა ვხედავ, გული არ მიჩქარდება, არც ფეხები მეჭიმება.

–         ფეხების დაჭიმვა რა შუაშია?

–          მძაფრი ემოცია და გრძნობა თუ შემოდის ჩემში ფეხები მეჭიმება.  როცა გზას ვკვეთდი, ის მოპირდაპირე მხარეს იდგა და მელოდებოდა ვნებით ანთებული თვალებით. სევდა, აი, რას ვგრძნობდი ამ დროს.

–         როგორ გექცევა?

–         მესიჯოჰოლიკი შევარქვი, ოღონდ ამის შესახებ არ იცის. ალბათ, ხვდებით რას ვგულისხმობ. მესიჯის ხმას  თითქმის ყოველდღე ვცვლი ტელეფონში.  დღეში იმდენჯერ მესმის, რომ მზიზღდება მესიჯის ზარად დაყენებული სიმღერაც. ზოგჯერ,  არ მინდა ვაწყენინო და იძულებით ვეშვები ხავსმოდებული ფრაზების მორევში. ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, თითქოს თამაშობს. მირჩევნია დამირეკოს. ვერ ვიტან მესიჯობას. ესაა და ეს.

–         თავისი პრობლემის შესახებ პირველივე შეხვედრაზე გითხრა?

–         მითხრა, რომ ადრე მოთამაშე იყო. სახლიდან წამოვიდა ( ან გამოაგდეს ). „მარტოსული ბეზძელნიკია და არაფერი გააჩნია“ – ეს თავად მითხრა ერთხელ და ისიც მომწერა, შენ პერსპექტიული ქალი ხარ და არ გიმსახურებო. „პერსპექტიულში“ რას გულისხმობდა დღემდე ვერ ამიხსნია.

–          ყველაფრის მიუხედავად იმედს აძლევდი. ეუბნებოდი, რომ მარტო აღარ იყო, რომ მის გვერდით იქნებოდი და წაქცეულს ააყენებდი, რომ ყველაფერი კარგად ექნებოდა …

–         დედობრივმა ინსტინქტმა გაიღვიძა ჩემში. იმდენად მარტოსული, და  საძირკველგამოცლილი ჩანდა, მომინდა სულიერად გვერდში დავდგომოდი და დავხმარებოდი. მთელი გულით მომინდა კარგად გამხდარიყო, სიცოცხლის წყურვილი, სიხარული, სტიმული და ახალი ცხოვრების დაწყების ჟინი გამეღვიძებინდა მასში.

–         სინამდვილეში?

პაუზის შემდეგ:

–         სინამდვილეში, ექსპერიმენტს ვატარებდი.  ის ძალიან ჩაკეტილი იყო. საკუთარ თავს ვცდიდი შევძლებდი თუ არა მის გასნას.

–         მერე, შეძელი?

–         არც ისე დიდი ხნის დაწყებული გვქონდა ურთიერთობა, როცა ქალაქგარეთ ბინის გასაყიდად წავიდა. იქიდან მწერდა დაუსრულებლად. მეუბნებოდა, რომ მისი ცხოვრების („დაბურული ტყის“, როგორც თვითონ უწოდებდა საკუთარ ცხოვრებას)  ნათელი წერტილი, იმედის სხივი ვიყავი. მეუბნებოდა, შენთან ერთად მინდა ჩემი დარჩენილი ცხოვრება გავლიოო. ერთხელ  ისიც კი მითხრა, რომ სურდა მისი შვილის დედა ვყოფილიყავი.

პაუზის შემდეგ:

მე შევძელი მისი გახსნა იმ დოზით, რა დოზითაც დავრწმუნდებოდი ჩემს შესაძლებლობებში. ვცდილობდი ქალური „ხრიკების“ გამოყენებას, რომლებიც მანამდე არც კი ვიცოდი თუ გამაჩნდა. მე მართლაც შევძელი მისთვის მომავლის იმედის ჩასახვა, თუმცა რამდენად მზად იყო  ამისთვის ეს სხვა საქმეა. მართალია, თავიდან არა, მაგრამ ახლა უკვე ვფიქრობ, რომ ამის მამოძრავებელი ძალა არა მისდამი სიყვარული, არამედ ჩემი ცნობიერების დაბინდულ ფსკერში ჩაბუდებული სურვილი იყო –  სურვილი, თავი ვინმესთვის სასარგებლოდ და საჭიროდ, ხოლო ამ მხრივ ვინმეზე აღმატებულად და თავდაჯერებულად მეგრძნო. ეს ჩემი სისუსტის გამოძახილი იყო. ეს საკუთარი ხელით დაგებულ ხაფანგში ჩემივე სულის გამოკეტვა იყო.

–         ფიქრობ, ის გულწრფელი იყო როცა ასეთ სიტყვებს გწერდა?

–         ვფიქრობ, ამ ყველაფერს იმიტომ მეუბნებოდა, რომ „გამოვეჭირე“. ის ჩემ გვერდით არ იყო, შეიძლება, ეშინოდა, არ დავეკარგე, რადგან ჩემგან დიდ მხარდაჭერას, თანადგომას გრძნობდა. რაღაცაში ვჭირდებოდი. ისე კი, დარწმუნებული ვარ თამაშობდა. შინაგანად მისგან დიდ სიცრუეს, ცბიერებას ვგრძნობდი.  თუმცა, ძნელია სიტყვებით გადმოვცე რაში გამოიხატებოდა მისი ცბიერება, ალბათ თავად უნდა გაგეცნო ის და დარწმუნდებოდი ამაში.

პაუზის შემდეგ:

მაგრამ მე მართლა გულწრფელად მსურდა მისი დახმარება, მისთვის ბედნიერების მინიჭება.

–         თუ ასეა, ხომ შეგეძლო მისი მეგობარი ყოფილიყავი?

–         არამგონია. საერთოდ,  არასდროს მცოდნია ურთიერთობის დაწყება მეგობრობით. ყველაფერი ძალიან სწრაფად და პირდაპირ „საქმეზე გადასვლით“ იწყებოდა ჩემს ურთიერთობებში. „შეყვარებულობანა“ რეკორდული სისწრაფით იწყებოდა, თუმცა ხშირად, ბრახ, და Game Over ეწერებოდა  გულის ფიცარზე.

–         რა მოხდა უკანასკნელი შეხვედრის დღეს?

–         შეხვედრისთანავე მითხრა, რომ კაზინოში ფული წააგო.

პაუზის შემდეგ:

რაღაც ჩამწყდა სხეულში, გულიდან მომწყდა, ტკივილი ვიგრძენი მკერდში.  ციოდა, დეკემბრის სუსხი სახეს მიკაწრავდა. ნაბახუსევი ვიყავი და მთელი სხეული მიკანკალებდა. თითქოს, ნაღმი აფეთქებულიყო ჩემში და ნაფლეთებად ქცეული ორგანოების ნარჩენებს ცივი ნიავი არწევდა მარჯვნიდან მარცხნივ, მარცხნიდან მარჯვნივ…

პაუზის შემდეგ:

ვგრძნობდი, ყინვისგან როგორ მერთმეოდა ფეხის თითები, ცხვირი, ხელები. მას კი სკვერში მივყავდი. წელიწადის ყველა დროს მძულდა სკვერები, მითუმეტეს ზამთარში. მძულდა მამაკაცები, რომლებსაც ქალები სკვერში დაყავდათ, მძულდა ქალები, რომლებიც ამ მამაკაცებს სკვერში დაყვებოდნენ. იმ დღეს კი მეც ამ ქალთა კლუბის ღირსეულ წევრად ვგრძნობდი თავს. მაგიჟებდა ის ფაქტი, რომ ისევ ითამაშა, შედეგად კი მასთან ერთად რომელიმე სკვერში უნდა გამყინვოდა ისედაც გაყინული საჯდომი, როცა შეიძლებოდა ამ ფულით უკეთესი რამ მოგვეფიქრებინა. თუმცა, მხოლო ფული როდი იყო მიზეზი ჩემი ტკივილის… ამავდროულად მებრალებოდა. ჩემთვის ის უკვე დასნეულებული და აზარტს დამონებული ადამიანი იყო. ვხედავდი, ნელ-ნელა ღირსებას და ადამიანურ საწყისს როგორ „აგებდა“ ფულთან ერთად. გულში იმედი ჩაქრა, ალბათ ეს სწორედ ის რაღაცაა, რაც გულიდან მომწყდა და ასე მატკინა მკერდი. ხო, იმ წუთას ჩემს გულს იმედი გამოგლიჯა. „გპირდები, აღარ ვითამაშებ, პატარავ, მიყვარხარ“ – მეუბნებოდა. მე კი უფროდაუფრო მიმძაფრდებოდ მისდამი გაუცხოება.  სიზმარი დასრულდა და მივხვდი, რომ მას არც კი ვიცნობდი. მხოლოდ სახელი, გვარი და არც თუ ისე საამაყო წარსული ვიცოდი, ისიც ბუნდოვნად.

პაუზის შემდეგ:

როცა სკვერში ვიჯექით და ყინვისგან სხეული სრულიად წამერთვა, მიჩურჩულებდა, მაპატიე პატარა, გაწვალებო. მეხუტებოდა და ჩემი გათბობის წარუმატებელი მცდელობა ქონდა. ისევ სიყვარულს მეფიცებოდა, რომელიც უკვე მხოლოდ ასობგერათა ნაკრებად, უცხო ჟღერადობისა და გაურკვეველი მნიშვნელობის სიტყვად ჩამესმოდა.  როცა გაუსაძლისი გახდა ჩემთვის ყინვაში გაჩერება ვთხოვე წავსულიყავით. ის მეგობარს უნდა შეხვედროდა, მე კი სახლში მივდიოდი.  როცა ვკითხე სად უნდა შეხვედროდა მეგობარს, შეხვედრის ადგილიც კაზინოსთან აღმოჩნდა. მეც კაზინოსთან შემხვდა ამ დღეს და ალბათ, ყველას კაზინოსთან ხვდებოდა.  როცა ვკითხე კაზინოსთან თუ კაზინოში მეთქი, დაიბნა და ვერაფერი გამოხატა, გარდა გაკვირვებისა, აბა სხვაგან სად უნდა შევხვდეო. იმ წუთიდან ჩვენი ურთიერთობა ჩემში საბოლოოდ დასრულდა. წინა დღის გულწყფელი საუბარიც ამომიტივტივდა გონებაში. წინა დღეს გამომიტყდა, რომ ფულის გამო დედამისის საუკეთესო მეგობართან იწვა. ის ქალი მდიდარი, მაგრამ როგორც ჩანს მარტოსული იყო. კაცი ჭირდებოდა, რა ექნა. ეს მასთან წვებოდა, ქალი კი ამ ტკბობის საფასურს უხდიდა.  ფული კაზინოში „იდებოდა“ და შემოდგომის ხმელი ფოთოლივით ნიავდებოდა, ცივ ნიადაგს ეფინებოდა და მავანთა ფეხით ითელებოდა.

–         გამოდის, რომ სასიყვარულო ურთიერთობა გქონდა მამაკაცთან, რომლის სულიერი ღირებულებები შენთვის მიუღებელი იყო. არ გიყვარდა, თუმცა სასიყვარული ურთიერთობა მაინც გქონდა. შენ ხომ თავიდანვე იცოდი მისი სენის შესახებ. შინაგანად ისიც იცოდი, რომ ამ სენის დროს ადამიანს ცხოველზე დაბლაც კი შეეძლო დაცემა.

პაუზის შემდეგ:

–         მე არაფრით ვარ მასზე უკეთესი. ვფიქრობ, არავინ მყვარებია. არასრულფასოვნების კომპლექსი მტანჯავდა მუდამ. შედეგად, მათაც გულს ვტკენდი, ბოლოს კი ყველაზე დიდ ტკივილს საკუთარ თავს ვაყენებდი. არამგონია, ვინმეს ჩემზე მეტად ტკენოდა გული როცა ურთიერთობებს ვანგრევდი.  ვფიქრობ, არც ისინი იყვნენ ჩემთან გულწრფელნი. მათთვის მხოლოდ „პერსპექტიული“ თოჯინა ვიყავი, რომელიც ცოტათი განსხვავებული იყო სხვა თოჯინებისგან. მე იდეალური სათამაშო ვიყავი, რომლითაც იამაყებდნენ და ითამაშებდნენ იმ დოზით, რა დოზითაც თავად თოჯინა მისცემდა მათ ამის საშუალებას. ყოველ ჯერზე კი, როგორც ყველა მოთამაშე, წამალდამოკიდებული, ლოთი ან პატარა ბავშვი, ვამბობ, რომ მეტჯერ აღარ ვიზამ, რომ მორჩა, ეს აღარ განმეორდება, რომ ამას აღარ დავუშვებ. Game Over!

პაუზის შემდეგ:

ვინ იცის, იქნებ ესეც სენია, რომლისთვისაც სახელი ჯერ არ დაურქმევიათ, სანამ ამას იზამენ მე ამ სენს „ილუზიური მარტოობის ფობიას“ დავარქმევ. „ილუზიურს“  იმიტომ, რომ სინამდვილეში არავინ ვართ მარტო, ჩვენ ერთმანეთი გვყავს, ერთმანეთს ვისუნთქავთ, ერთმანეთით ვიკვებებთ, თუ არ ჩავთვლით სიკვდილს. სიკვდილს მარტონი ვეგებებით, მარტონი განვიცდით, ან მარტოს გვიხარია. აქ, რა თქმა უნდა, ბუნებრივ კატასტროფებსაც გამოვრიცხავ, რომლის დროსაც სიკვდილსაც კი სხვასთან ერთად ვხვდებით.

–         ახლა როგორ გრძნობს თავს  თოჯინა?

–         ახლა თოჯინა ფიქრობს რა ფორმით დაშორდეს მორიგ მოთამაშეს და დაასრულოს  ის, რაც აბინძურებს, აჭკნობს და ღირსებას ულახავს მას. ოცნებობს მხოლოდ ერთ რამეზე – გადაიქცეს ნამდვილ ადამიანად, რომელსაც მთელი გულით შეიყვარებენ და რომელსაც მთელი არსებით ეყვარება.

                                                                                                              

                                                                                                                                                                                                                                                              2013 წ.

***

ფიქრები ტალღებით მომადგნენ კარზე

დუჟმოდენილნი მეხეთქებიან,

სიმიკის სკამზე თავჩაქინდრული

ვზივარ და ვითვლი მექანიკურად

წარსულის ცოდვებს, სიხარულს, სევდას,

აწმყო კი ამ დროს ფეხქვეშ მეცლება.

მომავლის ბილეთი ქარს გავატანე,

ფიქრებიც ჩაწვნენ ორთქლმავლის ნისლში.

შორით დუდუნი, ზუზუნი, გმინვა,

მატარებლების ორთქლი და ქშინვა

ყრუდ მონაბერი უცხო ქარებით

გულს ორად მიპობს, ძარღვებს მიხეთქავს.

ორთქკმავლის ლანდი გადამეფინა

და სისხლდადენილს დაწევა მინდა…

11.12.2012

***

ამორალური მაშინ ვიქნები,

როცა ჩემს ტუჩებს შენს ყურს მივადებ

და ჩაგჩურჩულებ „ მე შენ მჭირდები”.

მჭირდება მხოლოდ ერთი რამ – სითბო,

რომელსაც მჩუქნის თავად სამყაროც,

როცა ფუნჯებით ფერებს ვახამებ,

როცა რეალურ რითმს მოწყვეტილი

დღეს ღამედ ვაქცევ, ღამეს კი დილად,

როცა ახალს ვქმნი,

როცა გადმოვღვრი

სულში ჩასახულ ბობოქარ მუზებს

მაშინ ვარ მხოლოდ მე ბედნიერი

და სულ ტყუილად ვამბობ „მე შენ მჭირდები”.

მაგრამ

როცა მარტოობაში ვიძირები,

როცა მიბერავს სევდის ქარები

და გადმომაფენს უდაბნოს ქვიშას

მაშინ მჭირდები ყველაზე მეტად

და მაშინ გეტყვი

„მე შენ მიყვარხარ”.

როცა კალამიც ძალას დაკარგავს,

როცა ფუნჯიც კი ვეღარ გადმოსცემს

ჩვენი შეხების ჯადოსნურ წამებს,

შენს გემოს ტუჩზე,

შენს ხელს ჩემს წელზე,

როცა სიტყვებც დაიფერფლება

ჩვენს ვნებით სავსე გამოხედვაში

მაშინ ვიქნები მართალი მხოლოდ

და მაშინ გეტყვი

„მე შენ მჭირდები”.

20.11.2012

გარდაცვალების დილა

სარეცელი სხეულქვეშ მეცლება.
ნაბახუსევი ნერწყვით დასველებულ ბალიშს
სველი თითებით ვეჭიდები,
არ მინდა დილამ გამომაცალოს და ეკლიანი ბაგეები შემახოს
ისედაც დასუსხულ სხეულზე.
ცეცხლისფერი ბურთი აგორდა ცაზე,
ოქროს ძაფები შემომახვია
და მითხრა, რომ გარდავიცვალე…

სველ ასფალტზე მივაბიჯებ და ვხედავ
როგორ ეფინება მას ჩემი ნაკვალევი,
მაგრამ წამის მეათედშივე ქრება,
როგორც სხეული – მომაკვდავ სულს ჩაჭიდებული.

ავტობუსის გაჩერებასთან სისხლიან მზერას მაგებებენ.
ყოველი მზერა, ყოველი ამოსუნთქვა
სიცოცხლის ძალას მართმევს.

გვერდით ქალი მიჯდება.
ისე სუნთქავს, თითქოს ჩემს ნერვებს ვერტმფრენი დასტრიალებს.
ყურისწამღებად ხვნეშის.
მინდა დღე ჩაქრეს და მასთან ერთად შთაინთქას ყველა სიბნელეში,
რომ მარტო დავრჩეთ მე და მთვარე, ან უბრალოდ, მე, ან მთვარე…

ვხედავ, როგორ მელოდებიან ჯალათები ციხის კარებთან.
თქვენთვის კი ეს ის ადგილია,
სადაც სიცოცხლე, სითბო, სიხარულია;
სადაც მუსიკით ეგებებიან ბავშვებს,
მაგრამ როგორც კი მუსიკა წყდება,
ჯალათები ჩნდებიან და წვეტიანი კბილებით ილესენ ფრჩხილებს ჩემს დასასერად.
როგორც კი მუსიკა წყდება,
სიცრუის დირიჟორები იწყებენ ჩემი სხეულიდან პატარ-პატარა ნაჭრების ამოგლეჯას
და დუჟიან პირში ჩაგდბას.
ღეჭენ ჩემს ნაწილებს ნელა და სიამოვნებით, თითქოს, ეს მათთვის სექსი იყოს.

მთელი ეზოს გაყოლებაზე გისოსებია,
კედლები თეთრია და მათში გავლისას ვგრძნობ,
როგორ მართმევენ ნათელ საწყისს და ეუფლებიან სხეულს ბნელი ძალები
და ამ დროს ვგრძნობ, რომ გარდავიცვალე…

ჟამი გამოხდება და ჩემს გვამს მიაგნებენ დაკარგული სულები,
ჭურჭლიდან სულს ამომგლეჯენ და
წარიღებენ უსასრულობისკენ – იქ, სადაც არასდროს დადგება დილა.

მე ახლა ციხეში ვარ,
რომელსაც მხოლოდ ერთი კარი აქვს,
წარწერით – „ შესასვლელი ”
და სადაც ყოველ წამს
მთელი სხეულით
ვგრძნობ, რომ გარდავიცვალე.

მ. მერკვილაძე
08. 10. 2012

მწვანე ელჩები

                                                                                                                  თავი პირველი

                                                                                                            „მზის ქრონიკები“

„ – ათასი ფარენგეიტი, ორი ათასი ფარენგეიტი, სამი ათასი ფარენგეიტი, ოთხი ათასი ფარენგეიტი. მივედით ოქროსფერ მონეტასთან, ცეცხლის ბურთთან. როგორც გინდათ, ისე დაარქვით. მთავარია, რომ მივედით! ახლა ოქროს ჭურჭელი მომეცით და დავიწყებ მზის ოქროს კრისტალების შეგროვებას. არ დაგავიწყდეთ, რომ მხოლოდ 90 წამი გვაქვს! 90 წამში ჩვენი ხომალდი დადნება. დედამიწელები სინათლეს, სითბოს, სიყვარულს დაკარგავენ. ბუნებას ფერები დაეკარგება, ხეებს ფოთლები გაუხუნდებათ და გარდაეცვლებათ. ტყის ბინადრებიც გაქრებიან. ცისარტყელამ უკვე მწვანე ფერი დაკარგა და თუ არ ვიჩქარებთ, სხვა ფერებსაც დაემშვიდობება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ცოტა ხანში სიტყვა „ბუნებაც“ კი გაქრება დედამიწელების ლექსიკონიდან. ეს სიცოცხლის დასასრულის დასაწყისი იქნება, რადგან ყველაფერს წყვდიადი შთანთქავს.

ჯერ დაკარგავენ ლურჯს ზღვები. გაიყინებიან და რუხ ფრად შეიღებებიან ტბები და მდინარეები. მიწას ამოზნექილი ხეები და ბუჩქები წყვდიადში შთაინთქმებიან. ფრინველები ცას ფიტულად შეეზრდებიან. მთებიც ქვესკნელისკენ ჩაეზიდებიან მდინარეებს და თან წარიტანენ სიცოცხლის სუნს და როგორც სიკვდილის ჯალათები შანდლებით, ისე დააცხრებიან მათი წვერები დედამიწას და შიგ გულში ჩაასობენ ხანჯალს.

– სიცხემ საათის ციფერბლატები და ისრები დაადნო. წუთები, წამები შეაჩერა. როგორ მივხვდებით 90 წამის გასვლას?

-როგორც კი ერთ ოქროს კრისტალს მაინც მოვწყვეტ მზის სხივიდან, საათი აღარ დაგვჭირდება. ჩვენით შევიგრძნობთ დროსა და სივრცეს. – კაპიტანი აეზიდა მზეს შიგ გულში. ერთ ხელში ოქროს ჭურჭელი ჩაბღუჯა, მეორე ხელი მზის კრისტალისკენ აზიდა და ჩაეჭიდა. ეკიპაჟის წევრები მოლოდინისა და აღტაცების დუმილმა მოიცვა. მათი მზერა ცეცხლის ბურთს მიშტერებოდა, რომლის სფეროშიც კაპიტანი ლამობდა შეღწევას. როგორც ექიმი ეხმარება დედის საშოდან ახალი სიცოცხლის დაბადებას, ისე ლამობდა კაპიტანი მზის კრისტალის – სიცოცხლის დამბადებლის მოწყვეტას და დედამიწაზე ჩამოტანას.

უცებ, ხომალდი შეტორტმანდა. ყინულის კედლები დაიბზარა და დასკდა. ეკიპაჟის წევრებმა ფეხის გულებზე სისველე იგრძნეს. ყინულმა დნობა დაიწყო. ფარენგეიტი სამი ათასი, ფარენგეიტი ორი ათასი, ფარენგეიტი ათასი და მალე ხომალდი მთელი სხეულით მძიმედ მოსწყდა ცეცხლის ოქროსფერი მონეტის გულს და ეკიპაჟის წევრები დედამიწას წვიმის წვეთებად დაეცნენ“.

 

                                                                                                                  თავი მეორე

                                                                                                   „მწვანე ელჩის“ ორდენი

– მამიკო, მერე? მერე რა მოხდა? ეკოპაჟის წევრები მოკვდნენ?

– არა, სანი. ისინი წვიმის წვეთებად გადაიქცნენ და დედამიწა გამჭვირვალე კრისტალებით მორთეს.

– მამიკო, კაპიტანი? მას რა მოუვიდა?

– ჩემო პატარა ანგელოზო, ირგვლივ მიმოიხედე, რამდენიმე წამში თვალები დახუჭე, ღრმად ჩაისუნთქე, ბუნების სუნი შეისრუტე და ყველა საიდუმლოს ამოხსნი.

პატარა სანი დადუმდა. მის თვალწინ ხეებს სველი ტოტები აეზიდათ ცაში, რომელსაც ორსულივით გამოზნექოდა მუცლიდან ცეცხლისფერი მზე. მზის სვეტი დაცემოდა და ოქროს კრისტალებით გაბრწყინვოდა პირი-სახე მამას. ფოთლებს ვნებიანი კოცნის შრიალი გაჰქონდათ. ტოტებს მწერები, როგორც ხელის გულებს ფიფრები, ისე ადნებოდნენ. სანიმ ხელი სველ მიწას-სიცოცხლის განსხეულებულ ხატებას შეახო, ხის ძარღვები შეიგრძნო, შეერწყა მის ხელისგულებქვეშ ხის ძარღვებში მოთქრიალე სისხლს.

შორიდან მდინარის ჩუხჩუხი მოისმოდა. სანიმ მხოლოდ ახლა აღმოაჩინა, რომ ის რჩეული იყო – რჩეული ბუნებისა, რომელმაც თავისი ჯადოსნური ენა ასწავლა. ახლა მას ყველაფერი ესმოდა – ვნებიანი ფოთლების ჩურჩული, სასიყვარულო საუბრები…

მინდორს ნიავი ელამუნებოდა და როგორც ზღვის ტალღები, ისე ბორგავდნენ ბალახები, ტორტმანებდნენ და როგორც ზღვის ქაფზე სატრფოს მოლოდინში მინაბული ქალთევზა, ისე ეწვა ბალახს პეპელა.

ნიავი გაძლიერდა. სანის ლოყაზე თბილი სხივები ამოექარგა. ახლა მისი თვალის კაკლები ცეცხლისფრად ანათებდნენ და მათ შუაგულში მზის გამოსახულება იხატებოდა. უცებ, მამას მიაპყრო ცეცხლოვანი მზერა და წამოიყვირა: – კაპიტანი გადარჩა! ის კაპიტანი შენ ხარ!- და მამიკოს მხურვალე სხეულში ჩაეკონა.

-სანი, ჩვენ რჩეულები ვართ. ერთ დროს მე და მამაჩემი ვისხედით აქ, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში და ის მიყვებოდა კაპიტნისა და ოქროს კრისტალის ამბავს. შემდეგ კი საიდუმლო გამანდო, რომელიც ახლა შენც უნდა გაიგო: ჩემი ხომალდის ეკიპაჟის წევრები, რომლებიც მიწას წვიმის წვეთებად დაეცნენ, ბუნებამ „მწვანე ელჩის“ ორდენით დააჯილდოვა. მეც „მწვანე ელჩი“ – ბუნების უკვდავების მცველი ვარ. მაგრამ ჩემი დრო დედამიწაზე იწურება. ეს კი ის ოქროს კრისტალია, რომელიც მზის კრისტალიდან მოვწყვიტე. ახლა მას შენ გადმოგცემ და „მწვანე ელჩად“- ბუნების უკვდავების მცველად გაცხადებ. მოვა დრო, როცა ხომალდის აშენება შენც მოგიწევს. ამ დროის დადგომას მაშინ მიხვდები, როცა ცისარტყელა მწვანეს დაკარგავს, მაგრამ ეს ძალიან შორეულ მომავალში მოხდება. ახლა კი პირობა მომეცი, რომ „მწვანე ელჩის“ ორდენს ღირსეულად ატარებ მანამ, სანამ შენი დროც არ ამოიწურება დედამიწაზე და ოქროს კრისტალს შენს შვილს არ გადასცემ.

– პირობას გაძლევ, მამიკო! – სანის მზის სხივზე ვერცხლისფრად მოლაპლაპე ცრემლი ჩამოუგორდა ლოყაზე.

– ახლა კი კრისტალს სული შთაბერე.

სანიმ კრისტალს სული ჩაჰბერა. ოქროს ჯადოსნური მტვერი გამოიფრქვა, კაპიტანს გარს ჯაჭვივით შემოეტყა, ზეცაში აიტაცა და გაუჩინარდა.

ასე გადაეცემა თაობიდან თაობას მზის ოქროს კრისტალი, რომელიც ინახავს კაპიტნისა და „მწვანე ელჩების“ ისტორიას და იცავს ბუნების უკვდავებას. სანამ „მწვანე ელჩები“ იარსებებენ, ველური ბუნებაც არასდროს შეწყვეტს არსებობას. ჩვენ კი, თანადედამიწელები, არასდროს დავკარგავთ ჩვენს გულებში მოთავსებულ ოქროს კრისტალებს.

***

ნამიანი მისი ფიქრი
პალმის რტოდან წვეთავს, სკდება.
სველ ნიადაგს ისე აპობს,
სისხლს ადენს ხის მოხუც ფესვებს.
ლურჯმა ელვამ ცა გააპო,
გახეთქა შავი ღრუბელი.
თეთრ კაბაში ქალი დნება
უნდა ატაროს უღელი.
მის თვალებში შიში ცურავს
წამწამების შავ ტალღებზე.
წვეთის ყოველ დახეთქვაზე
ალმასის სისხლი მის ძარღვებს
ეხეთქება, აპობს, არღვევს.
მთელი სამყარო მის ირგვლივ
უსწორმასწოროდ ტრიალებს.
სიყვარულის ზარის რეკვა
წვიმას მოაქვს მის კალთებზე.
ის კი სევდის მორევს ებრძვის,
მომავალი შიშის ზარს სცემს.
საქმროს სუნთქვა მის მკერდს არწევს,
ჭკუას და გონს უმალ ართმევს.
ღამე გადის, შიში ქრება,
სულში სიყვარული რჩება.

სორტა. 2012.

***

მის ვნებაში ვხედავ სევდას.
მის სევდაში ვხედავ დუმილს.
დუმილს იმ სველ ბაგეთაგან,
რომელთაც ის კიდევ ახსოვთ.
მოლოდინი, თეთრი ღამე
მისთვის, ვისაც არც კი ახსოვს
შეღამება, მწუხრის ჟამი,
თამბაქო და მწვანე კვამლი.
მაშინ თხუთმეტი წლის იყო,
ვნების სისხლი ჩქეფთა გულში.
ის კი ოცდაერთის იყო,
გრძნობა ჩაესახა სულში.
ის ზაფხული მიილია,
თან წარიღო ვნების ცეცხლი.
გზა დაუთმო ოქროსფერ ბიჭს
ფოთოლთა ფიანდაზად შლილს.
ოთხი წელი მის ლოდინში თეთრად ათენებდა ღამეს.
ლექსს უძღვნიდა, წერილს სწერდა, სევდით იფშვნეტდა სველ თვალებს.
მაგრამ ყველა ასო-ბგერა ჩაქსოვილი მის წერილში
გულის კედლებს ასკდებოდა, ცეცხლის ალში ინთქმებოდა.
ოთხი წელი მიილია მოლოდინის ვნების ცეცხლში,
თხუთმეტის წლის ანგელოზი გაიფურჩქნა ამ ოთხ წელში.
გიშრის თმები ეცემოდა ხავერდოვან მის სხეულზე,
თვალებიდან ზღვა მოჩანდა, ტალღა ასკდებოდა გუგებს.
ბროწეულის ყვავილივით ხსნიდა ხორცსავსე სველ ტუჩებს.
მაგრამ ჟამთა ცვლამ ვერ შეძლო
წარეშალა ძველი სევდა.
მისი თვალების ტალღებქვეშ კვლავ ესვენა ჩუმი ვნება.
სიყვარული გრძნეულია, აჯადოვებს ყველა მოკვდავს.
ის თავად არს უკვდავება, რომელსაც ჟამი ვერ მოკლავს.
თუკი ერთხელ შეგეყარა სიყვარულის მთვერი გულში,
ვნება, სევდა, ელდა, ბნედა – ერთად დაისადგურებს შენს სულში.

სორტა. 2012.

ამბავი მთვარისა, რომელსაც ძლიერ უყვარდა

სავსე მთვარე ჩამეძირა სულში,

სხივები ჩამასო და სხეულს მიმეჯაჭვა,

შემეხიზნა შიგ გულში…

ქალაქებმა მზის სხივებით შეიღებეს ბანები,

ხის ტოტებით მოიხატეს ტანები,

წმინდა წვიმით მოიბანეს თვალები და

მიწას ისევ გაეხიზნენ გვამებიც…

მე და მთვარე ერთ სხეულად შეზრდილნი

მათ ქვიშის კვალს შევერიეთ…

ყვითელია ირგვლივ ქვიშა,

ცაც უმზეოდ ყვითელია.

ჩრდილებს მკვდრები მიჰყავთ ქვიშით,

ჯაჭვი მიჭერს, მიშლის, მიჭირს…

მთვარე გვამებს  შეეზილა, მეც  მათ შორის შემიძირა…

მისი სხივი მოსწყდა სხეულს,

დაემსგავსა, თითქოს, ეულს…

მეამბორა ძლიერ ვნებით და გამიშვა თბილ სიტყვებით:

„შენ ქვიშა ჯერ არ მიგიღებს,

არ შეგხიზნავს ოქროს ქარში;

დაუბრუნდი ფერად ქალაქს,

იქ ოცნება გელის, გფარავს.

მე უკვე მკვდრებს შევეძირე და მისიაც ამოვხვრიპე.

ახლა შენ გაქვს საპოვნელი, დასალევი შენი ჟამი.

გიყვარდეს და ერთგულებდე,

ეყვარები, გიერთგულებს.

მე ქვიშიდან გადმოგცქერი,

დაგიფარავ, შეგჭამ მზერით.

ალბათ, ის შენს თავს მომპარავს,

მაგრამ მაინც შენ მარადჟამ

სიყვარულით დაგიფარავ“.